SesxebiON

moneyman

იპოთეკით

იპოთეკითდღესდღეობით იპოთეკით უზრუნველყოფილ სესხებს ბაზრის დიდი ნაწილი უკავია. იპოთეკური დაკრედიტება ბანკებისთვის სესხის გაცემის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ფორმაა. ამ მექანიზმის მეშვეობით ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები რისკების დაზღვევას ახდენენ, რათა ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის მძიმე შედეგები თავიდან აიცილონ. იპოთეკური სესხის გაცემით, კრედიტორ კომპანიას ექმნება იმის გარანტია, რომ მოთხოვნას ქონების რეალიზაციის შედეგად დაიკმაყოფილებს.

იპოთეკური სესხი არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი, რომელსაც გასცემს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი. იპოთეკის ხელშეკრულება ფორმდება წერილობით და რეგისტრირდება საჯარო რეესტრში. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც საკუთრების უფლება აქვს უძრავ ქონებაზე, უფლებამოსილია, დატვირთოს თავისი ქონება იპოთეკით.

ჩვეულებრივი სესხის აღებისას, თუ კრედიტ ოფიცერი მიიჩნევს, რომ მსესხებელი ვერ გადაიხდის პროცენტებს და თანხას უკან ვერ დააბრუნებს, სთავაზობს მას, რომ სესხი უზრუნველყოფილ იქნეს საცხოვრებელი ბინით. ხშირად, მსესხებელი იმდენად არის დაინტერესებული თანხის მიღებით, რომ საფუძვლიანად არ უფიქრდება, რა შედეგი შეიძლება მოყვეს ამ შეთანხმების წერილობით გაფორმებას.

ხშირ შემთხვევაში, მსესხებელი, რომელიც ხელს აწერს ხელშეკრულებას, მოგვიანებით აღმოაჩენს, რომ პირობები მისთვის ხელსაყრელი სულაც არაა. საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტისას, სესხის ძირითადი თანხის და დარიცხული პროცენტების სრულად გადახდა მოვალის ვალდებულებაა. ძალიან ხშირად, მოვალე ვერ ასრულებს მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს კეთილსინდისიერად, ვერ იხდის კრედიტის პროცენტს ან არღვევს დაწესებულ გადახდის გრაფიკს. ასეთ შემთხვევაში კრედიტორს აქვს უფლება, მსესხებელს გადავაგადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მოსთხოვოს. უძრავი ქონება გამსესხებლის საკუთრებაში გადადის, თუ მსესხებელი გააჭიანურებს თანხის დაბრუნების პროცესს ან თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული იპოთეკის ხელშეკრულებით.

იპოთეკის საგნის რეალიზაციის მიზანი ფულადი თანხის მიღებაა. გამსესხებელი უფლებამოსილია, უძრავი ქონების რეალიზაცია მოითხოვოს. ეს პროცესი საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ხორციელდება. შესაძლოა, მხარეები აუქციონის ჩატარების სხვა წესზე შეთანხმდნენ.

სასურველია, იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულების დადებამდე, კონსულტაცია გაიაროთ კვალიფიციურ იურისტთან. თუ იურისტის დაქირავების საშუალება არ გაქვთ, ისარგებლეთ უფასო იურიდიული კონსულტაციებით, სადაც იურისტები ყოველგვარი საფასურის გარეშე დაგეხმარებიან და კვალიფიციურ კონსულტაციას გაგიწევენ.

ხელშეკრულება გულდასმით წაიკითხეთ, გაურკვეველ საკითხებზე შეკითხვები დაუსვით კრედიტ ოფიცერს, მიიღეთ დაწვრილებითი ინფორმაცია, შეადარეთ ხელშეკრულებაში მოცემულ პირობებს და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერეთ ხელი მას.